logo
ENG



კალიურანდი: მოვუწოდებ ოპოზიციას, მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურებში და დაიკავონ მანდატები

18 ნოე 202016:21
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/18/my3t2napjhxga9q.jpg

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი საქართველოში ჩასატარებელი მეორე ტურების შესახებ აცხადებს, რომ ყველა საარჩევნო საჩივრის სამართლიანად და გულდასმით განხილვის პარალელურად, ოპოზიციას მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში და დაიკავოს არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები. 

"ყველა დასაბუთებული საჩივარი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა, უნდა განიხილონ მტკიცედ და გულდასმით, კანონმდებლობასთან და უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობით. 

ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან პირველი ტურის შემდეგ დამდგარი შედეგით, განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების მეორე ტურებს და პარლამენტის შეკრების შემდეგ არ დაიკავებენ კუთვნილ მანდატებს. მტკიცედ მჯერა, რომ მიზანმიმართული მცდელობა, შეაფერხონ დემოკრატიისთვის სასიცოცხლო ინსტიტუტების ფუნქციონირება, სავალალოა. მოვუწოდებ ყველა პარტიასა და კანდიდატს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურებში და დაიკავონ არჩევნების შედეგად მიღებული მანდატები, რათა პატივი სცენ დემოკრატიული გზით გამოხატულ საქართველოს მოქალაქეების ნებას", - აცხადებს კალიურანდი

ევროპარლამენტარი მიესალმება აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რათა დაძაბულობა განიმუხტოს. მისი თქმით, სჯერა, რომ ევროატლანტიკური თანამშრომლობა საქართველოსთვის სტაბილურობის გარანტია. 

"მოუთმენლად ველი ახლად არჩეულ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას", - ამბობს კალიურანდი

პროცესების პარლამენტის შიგნით გადატანისკენ მოუწოდა ოპოზიციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. 

ვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტში, კვლავ არ მიმართონ ბოიკოტის გზას. ჩვენ მოვუწოდებდით მათ, იბრძოლონ შიგნიდან. თქვენ მხარდამჭერებმა იმისთვის აგირჩიეს, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და  მოახდინოთ ცვლილებები.

ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პომპეოს ვიზიტის პარალელურად.  

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. 

პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა. 

ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. 


close დახურვა