ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს შესახებ მომხსენებელი, სვენ მიკსერი ნიკა მელაის დაკავებას და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.
მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია:
"მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ პარტიას და მთავრობას, ისევე, როგორც ოპოზიციურ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად, რათა მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, მათზე საპასუხოდ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი და მისი ლიდერის დაკავება არ არის კრიზისიდან გამოსავალი.
ერთადერთი გზა, რითიც საქართველოს შეუძლია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდების გარეშე, არის ის, რომ ყველა მხარემ დაიხიოს უკან, თავი შეიკავოს შემდგომი პოლარიზებული რიტორიკისგან და კვლავ ჩაერთოს დიალოგში. აუცილებელია, რომ ყველამ, ვისაც აქვს ძალაუფლება, პარტიულ პოლიტიკურ დამოკიდებულებებზე წინ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები დააყენოს".