აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პირველი ქალი გახდა, რომელმაც პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულა. 19 ნოემბერს ჰარისმა საპრეზიდენტო ძალაუფლება 85 წუთით გადაიბარა, სანამ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლონოსკოპიის პროცედურის დროს ნარკოზის ქვეშ იყო.
პრეზიდენტმა ყოველწლიური შემოწმება უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გაიარა.
ძალაუფლების დროებითი გადაცემის პროცედურა კონსტიტუციის 25-ე შესწორებითაა გათვალისწინებული. მის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტისთვის დროებით ძალაუფლების გადაცემისთვის, პრეზიდენტი წერილს უგზავნის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და სენატის დროებით პრეზიდენტს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მოვალეობებს დროებით ვერ შეასრულებს.
სამედიცინო მიზეზებით მოვალეობების დროებით გადაცემის პროცედურა განახორციელა რონალდ რეიგანმა 1985 წელს და ჯორჯ ბუშმა 2002 და 2007 წლებში.