logo
ENG



კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლზი დაასახელა

06 აგვ 202417:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/06/xfp5h3kr70ug5u3.jpg

პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლზი დაასახელა.

60 წლის უოლზი აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ვეტერანი და ყოფილი პედაგოგია. წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენად ის 2006 წელს აირჩიეს, სადაც 12 წელი იმუშავა, რის შემდეგაც, 2018-ში ის მინესოტის გუბერნატორი გახდა.

როგორც Reuters წერს, უოლზი პროგრესული დღის წესრიგის მატარებელია, რაც მოიცავს უფასო სკოლებს, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, საშუალო კლასისთვის გადასახადების შემცირებასა და მინესოტის მშრომელებისთვის ანაზღაურებადი შვებულების გაზრდას. ასევე ის ქალების რეპროდუქტიული უფლებების მხარდაჭერია.

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მრავალთვიანი სპეკულაციის შემდეგ, თავისი კანდიდატურა მოხსნა. დემოკრატიულ პარტიას ჰარისის კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ წამოუყენებია, თუმცა მიიჩნევენ, რომ 19 აგვისტოს პარტიის ყრილობაზე ის უკონკურენტო იქნება.

მას შემდეგ რაც ჰარისმა კანდიდატურა წამოაყენა, მსჯელობდნენ ვისთან ერთად დაუპირისპირდებოდა ის რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპსა და მის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯი დეი ვენსს.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევა პირადი გადაწყვეტილებაა და პარტიულ ყრილობაზე ამ საკითხს ხმას არ აძლევენ. როგორც სხვადასხვა გამოცემა აღნიშნავს, უოლზის მარტივმა საუბარმა და პატარა ქალაქის მაცხოვრებლის სტილმა შესაძლოა დამოუკიდებელი და კონსერვატიული ამომრჩეველი მიიზიდოს.


close დახურვა