აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან დებატების Fox News-ზე გამართვას არ დათანხმდა.
როგორც ჰარისმა განაცხადა, დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 10 სექტემბერს იყო და ის ადგილისა და დროის შეცვლას არ დათანხმება. ჰარისის კამპანიაში ფიქრობენ, რომ ტრამპი დაგეგმილი დებატებისთვის თავის არიდებას ცდილობს.
"ძალიან საინტერესოა როგორ გადაიქცა ნებისმიერი ადგილი და ნებისმიერი დრო ერთ კონკრეტულ დროდ და სპეციფიკურ უსაფრთხო ადგილად. მე ვიქნები 10 სექტემბერს ადგილზე, რაზეც ის დათანხმდა. იმედი მაქვს მას იქ ვნახავ", - თქვა ჰარისმა.
თავის მხრივ, ტრამპმა ჰარისი Fox News-ის მიერ შეთავაზებულ დებატებზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი აღნიშნავს, რომ ჰარისს დაბალი IQ აქვს და მასთან დებატებისთვის გონებრივი შესაძლებლობები არ ჰყოფნის. მისი თქმით, ის დებატებს ან 4 სექტემბერს Fox News-ზე გამართავს ან დებატები საერთოდ არ შედგება.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა.
"მე FoxNews-ის ეთერში კამალა ჰარისთან დებატებზე ოთხშაბათს, 4 სექტემბერს დავთანხმდი. დებატები ადრე დაგეგმილი ABC-ზე იყო, ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.