logo
ENG



კანადა რუსეთს უკრაინაში ყალბი რეფერენდუმების გამართვის გამო ახალ სანქციებს დაუწესებს

28 სექ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/kfj9uzpwiozjuer.jpg
Blair Gable / REUTERS

კანადა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარების გამო ახალ სანქციებს დაუწესებს.

კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა არასდროს აღიარებს რეფერენდუმის შედეგებსა და რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების არალეგალურ ანექსიას.

„ჩვენ ვაპირებთ, ახალი სანქციები დავუწესოთ იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, ვინც სახელმწიფოს სუვერენულობის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრაშია ბრალდებული და რომელიც იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში მიმდინარე ულმობელ სისხლისღვრაზე“ - განაცხადა ტრუდომ.

ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა საერთაშორისო პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გმობს "არალეგიტიმურ კენჭისყრას".

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-დან 27 სექტემბრამდე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ გამართული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს გამოეხმაურა.

"რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ნათელია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!", - დაწერა მედვედევმა Telegram-ზე.

 

close დახურვა