logo
ENG



კანდელაკი: ის რომ პატრიოტთა ალიანსი ოცნების ნაწილია, პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ

04 სექ 202013:00
3 წუთის საკითხავი
 
კანდელაკი: ის რომ პატრიოტთა ალიანსი ოცნების ნაწილია, პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ის ფაქტი, რომ პატრიოტთა ალიანსი "ქართული ოცნების ნაწილია", ქართული საზოგადოებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება.

როგორც კანდელაკი აცხადებს, პატრიოტთა ალიანსის მიმართ გამოძიების არდაწყებით, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დასვა ტოლობის ნიშანი მასსა და პატრიოტთა ალიანსს შორის.

"ის რომ ე.წ. პატრიოტთა, და სინამდვილეში კი, მოღალატეთა ალიანსი არის ქართული ოცნების ნაწილი და გაგრძელება, ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩება არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და მათ შორის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს და არც ის ფაქტი არ გამორჩება არავის, რომ მიუხედავად ასეთი თვალშისაცემი მტკიცებულებებისა, მოღალატეთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ განაცხადა უარი, იმ პირობებში, როცა იმ ინსტრუქციებში, რაც მათ მიიღეს რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით, ის გზავნილები რაც მათ მოწოდებული აქვთ, ამ გზავნილებს მართლა აჟღერებენ და მართლა ნათქვამი აქვთ ჩვენს საჯარო სივრცეში და გამოძების დაწყებაზე უარის თქმით, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ საჯაროდ და თვალში საცემად დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და პატრიოტთა და სინამდვილეში კი მოღალატე ალიანსს შორის", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 25 აგვისტოს მიმართა. 

ხოშტარიას მოთხოვნა ცენტრ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი აფინანსებს და საარჩევნო კამპანიას უგეგმავს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი პარტია მრავალ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს.

ხოშტარიას განცხადება საქართველოს პროკურატურამ აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს აუდიტის სამსახური ახორციელებს და ის უფლებამოსილია, "შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება".

 


close დახურვა