"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი გერმანიაში, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს ეხმაურება. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ამ ტემაზე საქართველოს მთავრობის დუმილი გამაოგნებელია. კანდელაკის თქმით, ხელისუფლება საკუთარი მოქალაქის მკვლელობას დემონსტრაციულად აიგნორებს, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"იმის ფონზე, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ამ მოქალაქის მკვლელობას, სრულიად გამაოგნებელია ბატონი ხანგოშვილის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის დემონსტრაციული იგნორირება ამ ამბისა. შეიძლება ითქვას, რომ ხანგოშვილისადმი „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, როგორც მის სიცოცხლეში ასევე მისი მკვლელობის შემდეგ, არის თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ძალიან დრამატული ეროზიისა“, - განაცხადა კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რუსული მხარე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. დამნაშავე დაკავებულია, გერმანული მხარე კი ვარაუდობს, რომ მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურის მიერაა ორგანიზებული.