სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა. ნინო ლომჯარია თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლას ითხოვს.
სახალხო დამცველის აპარატში იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ფაქტს დროულად შეისწავლის და მის ხელთ არსებულ სანქცირების მექანიზმებს გამოიყენებს.
ამ ვიდეოს გავრცელებაში იურისტები დარღვევებს ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ კონფიდენციალობის პირობები არის დარღვეული და ამ ადამიანების იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი. მათივე განცხადებით, დაუყონებლივ უნდა იყოს გამოძიებული, რამდენად კანონიერად ჩაიწერეს ეს ვიდეოები და იყვნენ თუ არა წინასწარ გაფრთხილებული ის ადამიანები, რომლებიც კადრებში ჩანან.
„დაირღვა კონფიდენციალობის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის სახალხო დამცველის საქმიანობისას, რაც სერიოზული პრობლემაა. შესაძლებელია ადამიანების იდენტიფიცირება და არანაირი მნიშვნელობის კადრები ეს არ არის. რატომ წარმოადგინა წულუკიანმა ეს კადრები ჩვენთვის გაუგებარია,“ - განაცხადა IDFI-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.
„საიას“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, კადრების გავრცელებით კანონი დაირღვა და ის სახელმწიფოო ინსპექტორის სამსახურს სთხოვს შეისწავლოს კადრების გავრცელების კანონიერება.
„ამ კადრების გავრცელებით, დაირღვა კანონი და ვთხოვთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ამ კადრების გავრცელების კანონიერება. მათ შორის ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენლის იდენტიფიცირებული სახით წარმოჩენა ამ ვიდეოკადრებში და არამარტო ის, სასჯელაღსრულების თანამშრომლების იდენტიფიცირებაც შესაძლებელია იმ ვიდეოკადრებში, რაც ჩვენ ვნახეთ თავის დროზე,“ - აცხადებს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ კანონი უნდა დაიცვას და მონიტორინგი მეთვალყურეობის გარეშე უნდა განახორციელონ.
„კანონი უნდა დაიცვას სახელმწიფომ. მეთვალყურეობის გარეშე უნდა განახორციელონ მონიტორინგი თუმცა, მახსოვს, რომ ზოგიერთ საკნებში იყო ხოლმე ვიდეომეთვალყურეობა, რაზეც ინფორმირებულები ვიყავით ხოლმე. ეხ ხდებოდა მაშინ, როდესაც მე დავდიოდი ხოლმე მონიტორინგზე ახლა უკვე დახურულ მეშვიდე დაწესებულებაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ვიდეოკადრები იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე იმ დარღვევების სადემონსტრაციოდ გაავრცელა, რაც მისი აზრით სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას აქვს. კადრების გავრცელებას მალევე მოჰყვა არასამთავრებოების რეაქცია, რომლებმაც თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვეს.