logo
ENG



კანონიერი ქურდობა, ქურდობის სამყაროსთვის მიმართვა-შსს-მ 6 პირი დააკავა

24 ივნ 202014:06
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

ასევე, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ, საზღვარგარეთ მყოფ 2 ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს მეტსახელად „ხონსკის“ და ასევე ე.წ. კანონიერ ქურდს მეტსახელად „კუსას“ და „ქურდული სამყაროს“ წევრს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მათი ძებნილად გამოცხადების მიზნით, ტარდება შესაბამისი პროცედურები.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბრალდებულების ნაწილი - „ქურდული სამყაროს“ წევრები, ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში, მხარეების მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ჯეირან კინწურაშვილს - მეტსახელად „ჯეირანას“ და თამაზ ქარცივაძეს - მეტსახელად „კუსას“, რომელთა მხარდაჭერით, ბრალდებული ი.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოაწყეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა