ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას".
როგორც კაპანაძემ ბრიფინგზე თქვა, მისი პარტია ცესკო-ს შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"დღეს ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს. ეს არის არჩევნები, რომელშიც დაფიქსირდა ძალიან დიდი რაოდენობის კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა, მოსყიდვა და ცესკო, დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას. ყველა გზა ამ არჩევნების შედეგების შეცვლის, ფორმალურად იქნება დახურული ცესკოს მიერ და ივანიშვილის მიერ, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება ის კრიზისი, რომელიც არის დღეს, პოლიტიკური კრიზისი, რომლის შედეგი იქნება ერთპარტიული პარლამენტი", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, დღეს ცესკოს სხდომა გაიმართება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.