"ნათია თურნავა ჩაფლავებული ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრია", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაპანაძემ ის საკითხები ჩამოთვალა, რომელთან დაკავშირებითაც ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარეს.
"ჩვენი კითხვები ეხება მის მენეჯმენტს და ჩავარდნილ ზომებს, რომლებიც მათ მიიღეს კოვიდთან დაკავშირებით და შესწირეს ეკონომიკა. ასევე კითხვები ეხება იმ ძალიან მძიმე დილემას, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს აღმოვჩნდით ყველანი, როდესაც ერთი მხრივ, ეკონომიკა განადგურებულია და მეორე მხრივ, ისევ გვაქვს ინფიცირებული ადამიანების მატება. ჩვენი კითხვები ეხება იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც ამ ჩაფლავებულმა გუნდმა შეიყვანა ქვეყანა. სწორედ დღეს გამოჩნდება რატომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნება, რატომ უნდა შეიცვალოს ეს ჩაფლავებული გუნდი და რატომ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ ამყოფებს ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ვართ", - აღნიშნა კაპანაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში დღეს, 13:00 საათისთვის ელოდებიან.