logo
ENG



კაპანაძე: კალაძეს გონია ტვიტს დაწერს და კრიტიკა მოიხსნება

19 თებ 202022:30
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის თუ რა უნდა გააკეთოს, რათა დიალოგი გაგრძელდეს.

„კალაძეს გონია, რომ ტვიტერზე, რომ ტვიტს დაწერს დიალოგს შევთავაზებთ ოპოზიციასო, ის კრიტიკა რაც იყო, მოიხსნება - აჰა, შეუთავაზებია დიალოგი და მორჩა ამბავიო. იმდენად იაფად ცდილობენ გაასაღონ ეს დიალოგი. ამიტომ, მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი ამას ძალიან მშვიდად ვუყურებთ. რაც გასაკეთებელი აქვთ, ძალიან კარგად იციან. ჩვენმა პარტნიორებმა უთხრეს და ბავშვს რომ დაუღეჭავ, ისე დაუღეჭეს“, - განაცხადა კაპანაძემ. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პოსტში კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯიმ რიში მონიშნა.

„პარტია „ქართული ოცნება“ მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, რათა შევთანხმდეთ ყველაზე სამართლიან საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - წერს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირეით ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მმართველ გუნდთან შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების ამ სპექტს, ქვეყნის განვითარება და წინსვლა არ სურს.

მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა. 

ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართება, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, მომავალი არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით ჩატარდება. 


close დახურვა