ხვალ საკანანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. პარლამენტში პრეზიდენტის მისვლას არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციაში აფასებენ.
ოპოზიციის წევრების თქმით, ზურაბიშვილი არ შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით პრეზიდენტის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს და ის ამ თანამდებობას ფორმალურად იკავებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის თქმით, პარტია ბოიკოტის რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და პრეზიდენტის მოსმენაზე დასწრებას არ გეგმავს.
„ამ რეალობაში, სამწუხაროდ, თუ გავითვალისწინებთ როგორ დასვა ივანიშვილმა თანამდებობაზე, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა არ არის მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენი ბოიკოტი გაგრძელდება და ამ პრეზიდენტთან არანაირი კითხვა არ შეიძლება გვქონდეს“, - განაცხადა კაპანაძე.
პრეზიდენტის გარდა, ფუნქციადაკარგულს უწოდებს პარლამენტსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.
„ვაპირებთ დავრჩეთ ბოიკოტის რეჟიმში. მათ შორის, როდესაც ე.წ. პრეზიდენტი, რომელსაც საპრეზიდენტო სკამი უყიდა ივანიშვილმა, მობრძანდება პარლამენტში, რომელსაც ასევე დაკარგული აქვს რეალური საკანონმდებლო როლი და გვევლინება ბუტაფორიად“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი გიორგი გუგავა კი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა დავით-გარეჯის ნაწილის დაკარგვას შეუწყო ხელი.
„ამ ქვეყანას ორი საფრთხე ემუქრება - კორონავირუსი და კრეტინოვირუსის სახით, საქართველოს ხელისუფლება. ამ რანგს განეკუთვნება ე.წ. პრეზიდენტის წარდგომა პარლამენტში, რომელმაც რაზე უნდა ილაპარაკოს? რა გააკეთა გარდა იმისა, რომ დავით-გარეჯის ნაწილის დაკარგვას შეუწყო ხელი“, - განაცხადა გუგავამ.