logo
ENG



კაპანაძე:მოლაპარაკებები შეჩერებულია და ახალ სტრატეგიაზე გადავალთ

11 თებ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას დაპატიმრებამ ხელისუფლების  ოპონენტების გეგმები თავდაყირა დააყენა. კონსტრუქციული დიალოგისთვის განწყობილი ოპოზიცია, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობასთან მოლაპარაკების გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავს.

მთავარ აქცენტს პოლიტიკური პარტიები ახლა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე აკეტებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, არჩევნებში ოპოზიცია მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას.

„მოლაპარაკებები შეჩერებულია და ახალ სტრატეგიაზე გადავალთ. საბოლოო ჯამში, ამ სტრატეგიის ამოცანა იქნება, რომ შემდეგ არჩევნებში, იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს, ხელისუფლება გავანადგუროთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მოდელის მინუსი არის ის, რომ გამარჯვებული პარტია, იღებს აბსოლუტურ უმრავლესობას. ოპოზიცია იქნება გამარჯვებული პარტია და მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას. პარალელურად, ოპოზიცია გააგრძელებს როგორც პიეკეტებს, ასევე აქციებს, იქნება დიდი დემონტრაციაც და სხვა ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც აქამდე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ისტერიკაშია და ეს მისთვის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელია.

„მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება, რადგან ეს იყო პირობა და ერთ-ერთი საკითხი იყო პოლიტიკური დევნა და ამ საკითხზე, როგორც ჩანს, პარტნიორებიც კი მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა. აქციები, რეგიონები, ყველანაირი ზეწოლა. ეს იქნება მიზანმიმართული და ხისტი ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ეს ივანიშვილისთვის ბოლო წელია, რომელიც ისტერიკაშია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრის გიორგი გუგავას თქმით, ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს და საერთო მაჟორიტარი კანიდატეტები წარადგინონ.

„წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება. წარმოუდგენელია ერთი მხრივ მოლაპარაკებაზე გეძახდეს ხელისუფლება და მეორე მხრივ ციხის საკანს გიმზადებდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის, ფართო მასშტაბიანი აქციების გეგმაზე, უნდა შევათანხმოთ მაჟორიტარული კანდიდატები და ერთიანი ფრონტით შევუტიოთ“, - განაცხადა გუგავამ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 

რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს: მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.


close დახურვა