logo
ENG



კაპანაძე ენმ-ს: pacta sunt servanda - შეთანხმება უნდა სრულდებოდეს

20 აგვ 202022:03
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე "ფორმულასთან" სტუმრობისას ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენება მძიმე შეცდომა იქნება. 

"მე მიმაჩნია, რომ შეთანხმებები, რომლებიც იდება, უნდა სრულდებოდეს. ეს არ არის მხოლოდ ევროპული საქართველოს პოზიცია, ეს არის ზოგადად ცხოვრებიდან გამომდინარე. რომაული გამოთქმა არსებობდა "pacta sund servanda", ანუ შეთანხმება უნდა სრულდებოდეს, ამიტომ, მე მგონია, რომ შეთანხმებების გადახედვა არ არის ხოლმე მიზანშეწონილი, მით უმეტეს, თუ გადახედვა აზიანებს კონკრეტულ მიზანს. 

მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება გადადგმული. მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე შეცდომა და არასწორი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა კაპანაძემ. 

კაპანაძე ამბობს, რომ იგი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა, მიიჩნევს, რომ შეთანხმების ხშირი გადახედვა საბოლოოდ პროცესს აზიანებს. 

"საბოლოო ჯამში, როგორც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ მაინც მივაღწევთ წარმატებას და ქართული ოცნება დამარცხდება, მაგრამ არ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ შეცდომებს ისინი ვერ გამოიყენებენ. ასევე შეცდომად მიმაჩნია, რომ ვერ შედგა რეგიონებში შეთანხმება. მაგრამ გავიარეთ ეს თემა. მაგრამ ყოველ კვირა ახალი შეთახნმების გადახედვა არ არის სწორი და აზიანებს საბოლოო ჯამში ამ პროცესს", - ამბობს კაპანაძე. 

კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენების შემთხვევაში შეთანხმებას ევროპული საქართველოს მხრიდან საფრთხე არ დაემუქრება, თუმცა შიშობს, რომ ამ პროცესს, შესაძლოა, პანდორას ყუთის ეფექტი ჰქონდეს. 

"ჩვენი მხრიდან შეთანხმების ჩაშლის საფრთხეს არ გააჩენს. ჩვენ დიდი ხანია ამ შეთანხმების ერთგული ვართ და გვჯერა იმის, რომ, როდესაც სიტყვას იტყვი და ხელს ჩამოართმევ ის უნდა დაიცვა ბოლომდე და ამას ვცდილობთ ყველგან და ყოველთვის. ჩვენი მხრიდან არაფერი გადახედილი არ იქნება, მაგრამ პანდორას ყუთის გახსნის ეფექტი არ მინდა რომ ჰქონდეს ამას. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ჩვენი კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან ამ შეცდომებს არ დაუშვებენ", - ამბობს კაპანაძე. 

ნაციონალური მოძრაობა ისანში ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატის, გიორგი ვაშაძის მხარდაჭერის ნაცვლად საკუთარი კანდიდატის დაყენებას განიხილავს. 

დღეის მდგომარეობით, ოპოზიციის ნაწილი თბილისის 8-ვე ოლქში საერთო კანდიდატზეა შეთანხმებული. 


close დახურვა