logo
ENG



კაპანაძე ივანიშვილზე:რამდენს დაგვიჭერს, ამასაც ვნახავთ

25 ნოე 201908:00
3 წუთის საკითხავი
 
u735hosmszoc33j.jpg

ხელისუფლების დაპირების შეუსრულებლობის გამო, დღეს პარლამენტთან აქცია განახლდება. 19:00 საათზე ოპოზიციის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით დაიძრებიან. აქტივისტები და ოპოზიციონრები საკანონმდებლო ორგანოსთან დარჩენას მთელი ღამის მანძილზე აპირებენ.  ამით ისინი პარლამენტის პიკეტირებას მოახდენენ და 26 ნოემბერს პლენარული სხდომის ჩაშლას შეეცდებიან. დღევანდელი აქციის მოთხოვნა უცვლელია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ე.წ. გერმანული მოდელის დამტკიცება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას კვლავ აპირებს და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას არ შეასრულებს.

„ვიკრიბებით დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, იქიდან მსვლელობით წამოვალთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შევჩერდებით ჩატარდება აქცია, რის შემდეგაც დაიწყება პიკეტირება პარლამენტის შენობისა და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი რეალობას თვალს არ გაუსწორებს და ყურს არ უგდებს საზოგადოებრივ მოთხოვნებს“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ივანიშვილს ახლა აქვს არჩევანი - ან ყოველი სხდომის ჩატარების წინ გამოიყენოს ძალა, ან წავიდეს დათმობებზე და შეასრულოს ოპოზიციის ინიციატივა.

„ახლა ინიციატივა არის ჩვენ მხარეს, მაგრამ ბურთი არის ივანიშვილის მხარეს მას აქვს არჩევანი, ან ყოველ მომდევნო სხდომაზე გამოიყენოს ძალა, დაშალოს მომიტინგეები გამოიყენოს რობოკოპები, ან წამოვიდეს დათმობებზე და მიიღოს ჩვენი შეთავაზება, ვადამდელ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. წინა კვირის მოვლენებმა აჩვენა, რომ ის მზად არის უდანაშაულო ახალგაზრდები დაიჭიროს, მათ შორის შეთითხნილი ბრალდებით, მაგრამ თუ ასე აპირებს რომ გააგრძელოს, ჩვენ ამისთვის ვართ მზად, რამდენს დაგვიჭერს ამასაც ვნახავთ“,-განაცხადა სერგი კაპანაძე.

დღევანდელ პროტესტს უერთდება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოც“. მოძრაობის ლიდერის თქმით, ისინი პროტესტს კანონის ფარგლებში გამოხატავენ. ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩაგდებას ცდილობს, ისინი ამას არ დაუშვებენ.

„ჩვენ პროტესტში ვართ ერთიანი, ყველა ოპოზიციურ ძალასთან, ყველას აქვს თავისი ფორმა გამოხატვის. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ კანონის ფარგლებში გამოვხატავთ პროტესტს და ასევე გავაგრძელებთ. მე მგონი რადიკალურად არავის არ დაურღვევია კანონი, როცა ღობეზე ვიღაც ბოქლომს კიდებს, ეს არ არის კანონის დარღვევა, მაგარმ სამწუხაროდ ყველაფერი ისე არის წარმოჩენილი, რომ ჩაკლან ეს პროტესტის მუხტი, რასაც გპირდებით, რომ არ მოხდება“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


close დახურვა