logo
ENG



კაპანაძე კიბერთავდასხმაზე: გახარიას შეფასება არ იყო ისეთი მკაცრი, როგორც ჩვენი პარტნიორების

21 თებ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმასა და მასზე საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებას აფასებენ და აცხადებენ, რომ აქ მნიშვნელოვანია თუ რას გააკეთებს თავად საქართველოს ხელისუფლება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი რუსეთის ინტერესების გამტარებელია. 

როგორც „ფორმულასთან“ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით პრემიერის გიორგი გახარიას განცხადება არ იყო მკაცრი.

„აქამდეც ყოფილა კიბერშეტევები და აქამდეც რუსეთი იყო პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ მორიგჯერ, ოღონდ ამ მასშტაბის კიბერშეტევა განახორციელა რუსეთმა. ძალიან მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების, რომელთაც მყისიერად მისცეს ამას უარყოფითი შეფასება და მოწოდებები გააკეთეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ცოტათი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ გახარიას შეფასება არ იყო ისეთი მკაცრი, როგორც ჩვენი პარტნიორების, მაგრამ ესეც გასაგებია იმ კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომელიც ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს. 

„სატესტო მოედნათ, პირველ რიგში, საქართველოს იყენებს და აქ წარმატების შემთხვევაში, ამგვარ მეთოდებს ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოებში იყენებს. ამის თაობაზე დისკუსიები თვით ამერიკაში, საფრანგეთსა და თავად დიდ ბრიტანეთშიც არის. ცხადია, რუსეთი ამას გააგრძელებს. ამის საპასუხოდ რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება ეს არის ხალხისთვის საინტერესო. ცხადია, არაფერს, რადგან რუსეთი მათ სასარგებლოდ მოქმედებებს“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერშეტების  სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ამერიკის შეერთებული შტატები განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან.

რუსეთის კიბერთავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ დაგმო ევროკავშირმაც. ორგანიზაციის განცხადებაში ნათვამია, რომ წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ამ თავდასხმამ კიბერსივრცეში  სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ  უგულვებელყოფა აჩვენა.

დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

საქართველოს ხმარდასაჭერი განცხადებები გაავრცელეს ლატვიამკანადისრუმინეთის, მონტენეგროსნიდერლანდებისდანიისესტონეთის, პოლონეთისა, და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. 

გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა. 

"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი პირველად საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება.

ბრალდებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. საუბარია კიბერშეტევის ბრალდებაზე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ სააგენტო РИА-სთან საუბრისას უარყო. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არასდროს არ ერეოდა და ამას არც ახლა აპირებს. რუდეკო აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხისმგებლობას თავად ქართულ მხარეს აკისრებს.  


close დახურვა