logo
ENG



კაპანაძე კობახიძეზე: ან ბოლომდე გაგიჟდა, ან ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა

09 დეკ 202016:12
3 წუთის საკითხავი
 
კაპანაძე კობახიძეზე: ან ბოლომდე გაგიჟდა, ან ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა

"ან ბოლომდე გაგიჟდა, ან გუშინ ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა, ან ორივე", - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს და პარტიის გადაწყვეტილებას, რომ მანდატებს გაუუქმებს მათ, ვინც ამას მოითხოვს.

იგი ირაკლი კობახიძის განცხადებას "არაადეკვატურს" უწოდებს და ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ პარლამენტში შესვლა კიდევ უფრო "სიგიჟეა".

"კობახიძემ:

  • ნაცებს რეაგისტრაციას გავუუქმებთო;
  • პარლამენტში ვინც არ შევა, დავუკმაყოფილებთ მოთხოვნასო;
  • არჩევნები არ გაყალბებულაო;
  • პარტიებს დაფინანსებას არ მივცემთო;
  • საარჩევნო რეფორმას მაინც გავატარებთ, შემოხვალთ, თუ არ შემოხვალთო;
  • ჩვენვე შევქმნით დროებით კომისიასო და თუ ჩვენივე კომისია ჩვენს მიერვე არჩევნების გაყალბებას დაადგენსო, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო.

ან ბოლომდე გაგიჟდა, ან გუშინ ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა, ან ორივე. აი, ამ არაადეკვატურების ხელშია ქვეყნის ბედი. აი, ამ ყველაფრის შემდეგ ამ პარლამენტში შესვლა, როგორი სიგიჟეა, ხვდებით ხომ?", - წერს სერგი კაპანაძე Facebook-ის გვერდზე.

პოლიტიკური მოლაპარაკებების მე-5 რაუნდამდე ერთი დღით ადრე ქართული ოცნების ლიდერმა ბრიფინგზე რამდენიმე მესიჯი გააჟღერა, მათ შორის ის, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო მანდატებს შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც "ოპოზიციის რადიკალი ლიდერების სცენარს ვერ შეეწინააღმდეგებიან" და შესაბამის განცხადებას წარადგენენ.

მისივე თქმით, ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ.

მანვე გამოაცხადა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველივე დღეს დააინიცირებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას შეისწავლის. მისი მტკიცებით, ხოლო თუკი 1%-იანი გადაცდომა მაინც დაფიქსირდება, იგი პოლიტიკიდან წავა, ქართული ოცნება კი რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ასეთად მან დაასახელა: მოქალაქეობა და მსჯავრდებულობა. 

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება.

ამასთან, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს. მომდევნო და, სავარაუდოდ, გადამწყვეტი რაუნდი ხვალ, 10 დეკემბერს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაიმართება. 


close დახურვა