logo
ENG



კარანტინისთვის დედაქალაქში ახალი სივრცე ეწყობა

06 მარ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ იტალიასთან ფრენები შეაჩერა. იტალიაში მყოფი მოქალაქეების ჩამოყვანაზე სახელმწიფო იზრუნებს.

რეგულაციები მკაცრდება საზღვრის კვეთაზეც - ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. კარანტინის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმ ქვეყნის ლაბორატორიული კვლევა წარმოადგინონ, საიდანაც საქართველოში ჩამოვლენ.

კარანტინებისთვის დედაქალაქში ახალი სივრცეები ეწყობა. ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები დაავადებათა კონტროლის ძველ შენობაში, სადაც ერთ-ერთი ასეთი სივრცე განთავსდება.

შენობაში, რომელშიც კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პაციენტი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იმყოფებოდა სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსხვილი სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიის მენეჯერმა იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში შეხვედრა ჩაატარა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა ის პირი, ვისთანაც ინფიცირებულს შეხება ჰქონდა - იდენტიფიცირებულია.

მესამე სექტორი იმ პირთა პასუხისგებას ითხოვს, ვისაც ვირუსის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა ინფორმაცია საზღვარზე დამალა. იურისტების თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დაავადების გავრცელება, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა  - დასჯადი ქმედებაა.

კორონავირუსის გამო პარლამენტმა შესაძლოა, კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს. ინიციატივაზე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მან იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს დაავალა, ინიციატივის ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელოს.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებზე ინფორმაცია დიპლომატებმა მიიღეს. მათთვის საინტერესო იყო, რამდენად მზად ხვდება ჯანდაცვის სისტემა მსოფლიო გამოწვევას.

 


close დახურვა