logo
ENG



კარასინი: საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ სააკაშვილის მყვირალები დემონსტრაციით

01 აგვ 202314:13
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და სენატორი გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ბათუმში აქციას "სააკაშვილის აქტივისტები" აწყობდნენ. მისივე თქმით, "სიძულვილის ბაცილა", რომელიც მან შემოიტანა, ჯერ კიდევ ცოცხალია.

"საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ სააკაშვილის მყვირალები თავიანთი დემონსტრაციით ბათუმში ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენივე ლაინერით ჩავიდნენ? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები. პასუხი ნათელია. მაგრამ მაინც..." - დაწერა კარასინმა ტელეგრამზე.

მოგვიანებით მას ფორმულას დაუკავშირდა. ტელეკომპანიასთან საუბრისას კარასინმა განაცხადა, რომ ორიენტირება უნდა მოხდეს საღ აზრზე და არა ცალკეული ადამიანების განცხადებაზე.

"ჩვენთვის ძვირფასია მშვიდი და პროგნოზირებადი ურთიერთობა საქართველოსთან და ამის განვითარება გვინდა. ამ მიმართულებით თბილისს ძალიან ჯანსაღი პოზიცია აქვს. რაც შეეხება ცალკეული ტურისტისა და გაუგებარი ადამიანის განცხადებად, ამაზე ვერ ავაგებთ პოლიტიკურ ხაზს", - აღნიშნა კარასინმა.

ბათუმში, მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა. აღნიშნულ ლაინერზე იყვნენ რუსი არტისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ღიად უჭერენ მხარს. მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში გამართულ აქციას პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ის ნაციონალურმა მოძრაობამ დააორგანიზა. მისივე თქმით, ბათუმში გამართული აქცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებითა და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი.


close დახურვა