რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ მოსკოვი ქართველ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებითაა დაინტერესებული.
კარასინი რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "დადებითი შედეგები, რომლებსაც ბოლო 11 წელიწადში მიაღწიეს, კვლავ მოთხოვნადი იქნება".
"დადებითი შედეგები, რომლებსაც ბოლო 11 წლის განმავლობაში მივაღწიეთ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში - საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრებზე, კვლავ მოთხოვნადი იქნება - გიორგი ქაჯაიას დანიშვნის პირობებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიღწევები კვლავ მოთხოვნადი იქნება. რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით დაინტერესებულია", - თქვა კარასინმა.
მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში ბევრს მიაღწიეს - მათ შორის აღდგა ავიამიმოსვლა, გაუქმდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
***
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება აბაშიძემ თავად მიიღო. მისივე თქმით, აბაშიძე დღეიდან პრემიერმინისტრის მრჩეველი იქნება. მის ადგილს ახალი მრჩეველი გიორგი ქაჯაია დაიკავებს.