logo
ENG



კარასინი ფერენებზე: მთავარია კოვიდვითარება დასტაბილურდეს და შემდეგ შევძლებთ დალაპარაკებას

29 ივლ 202120:27
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე პანდემიის ვითარების დასტაბილურების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კარასინმა ფორმულას განუცხადა.

"კოვიდს მხარდაჭერას ვერ მოვთხოვთ - ხომ მეთანხმებით?! ეს არის მთავარი - დანარჩენს მოვაგვარებთ. ამ საკითხში წინსვლა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ახლა ჩვენთანაც და თქვენთანაც არასახარბიელო მდგომარეობაა. ამიტომ მომავალი უნდა დავგეგმოთ დღევანდელი სიტუაციის მიხედვით", - თქვა კარასინმა.

ფრენების შეწყვეტის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ამ საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდებოდნენ, რაც "ანტირუსული გამოვლინებები ჩაცხრებოდა". ფორმულას კითხვაზე, პოზიციის ცვლილება უკავშირდება თუ არა ვითარების ცვლილებას, კარასინი პასუხობს:

"არა! საქართველოსთან კონტაქტების დროს ჩვენ ყოველთვის ვიყავით ოპტიმისტები და უკეთესის იმედი გვაქვს. ახლა მთავარია რომ კოვიდვითარება დასტაბილურდეს და ამის შემდეგ შევძლებთ დალაპარაკებას. ახლა ეს მხოლოდ თეორიული და ჰიპოთეტური საუბრებია".

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში შეწყდა ე.წ. "გავრილოვის ღამისა" და მისი თანმდევი მოვლენების გამო. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ გადაწყვიტა შეაჩეროს ქართული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთში.

28 ივლისს გამოცემა TASS გრიგორი კარასინმა განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ფერენების აღდგენაზე იმსჯელოს. 

 


close დახურვა