კორონავირუსთან ბრძოლისთვისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების შესახებ შეფასებები უკვე გაკეთდა ოპოზიციაში. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, მიესალმებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეკონომიკის წახალისების კუთხით.
„კომუნალურების გაცემა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. გვიან, მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო ინიციატივებზე საუბარი. ეს არასაკმარისია. საჭიროა სახელფასო კომპენსაციების გაცემა, ერთჯერადი დახმარებები და საპენსიო შენატანების შეწყვეტა, ასევე გადასახადების შეწყვეტა", - ამბობს დავით ბაქრაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ წარმოდგენილი პაკეტი ბუნდოვანია და გაუგებარია, რომელ მიზნობრივ ჯგუფებს ეხმარება მთავრობა. მათი თქმით, უფულობის პერიოდში საკვების შეძენა მოსახლეობის დიდი პრობლემა გახდება.
„პირველი ნაბიჯების გადადგმა კარგია. კომუნალურები არაა საკმარისი, მაგრამ ოპოზიციამაც ითამაშა თავისი როლი და უბიძგა ხელისუფლებას სწორი მიმართულებით, ორი მილიარდი რომ იხარჯება, ეს უნდა ვნახოთ კონკრეტულ პროგრამებში და მიზნობრივ დახმარებებში, განსაკუთრებით სასურსათო პრობლემების მხრივ", - ამბობს რომან გოცირიძე.
„ლელოში"ასევე ამბობენ, რომ ლარის კურსის დასტაბილურებასა და ბიზნესის შეღავათებზე საუბარი არაა და ამიტომაც გეგმა კითხვებს ბადებს.
„ეს არის ძალიან მცირე ნაწილი - კომუნალურების დაფინანსება ზაფხულში, თან ამ კილოვატობით, არის მცირე ჯგუფი. არაფერია ნათქვამი სასურსათო ნაწილზე, სადაც იქნება პრობლემები - ეს ნაწილი ბუნდოვანია. არაფერია ნათქვამი ბინზესზეც, როგორ დაემხარება მთავრობა, რომ არ გაკოტრდნენ", - ამბობს გიგლა მიქაუტაძე.
„ახალ საქართველოში“ კი მთავრობის მომავალ ნაბიჯებს ელოდებიან - პარტიაში დადებითად აფასებენ ხელისუფლების ამ ქმედებას და ამბობენ, რომ ახლა უმუშევრად და უხელფასოდ დარჩენილ მოსახლეობაზე ფიქრიცაა საჭირო.
„კარგია, რომ კომუნალურების სუბსიდირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრებზეც დაიწყეს ფიქრი. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით და ველოდებით შემდეგ ნაბიჯებსაც. ფულის ხარჯვაში პირველად გავიგეთ ნორმალური გზავნილი მთავრობის მხრიდან", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახადს არ გადაიხდიან. ამაზე თანხა ბიუჯეტიდან გამოთავისულდება.