კასპის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა არ იციან რატომ ვერ მიიღეს მაისში კუთვნილი ხელფასი. დაგვიანების მიზეზი მათთვის არავის განუმარტავს. საჯარო მოხელეთა მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობს ღიად, რომ ხელფასის დაგვიანების გამო პრობლემები შეექმნათ. მათი თქმით, მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისია. შეწყვეტილი წარმოების გამო კონტრაქტორმა კომპანიებმა ბიუჯეტში თანხები ვერ შეიტანეს, რის გამოც საჯარო მოხელეთა ანაზღაურების დაფარვა დაგვიანდა.
ის რაზეც თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილი საუბრობს, არ სურთ დაადასტურონ კასპის მერიის ფინანსურ სამსახურში. დეპარტამენტის უფროსი გვეუბნება, რომ ხელფასის დასარიცხად დრო თვის ბოლომდე აქვს, კანონს კი არ არღვევს.
ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია ღიად ამბობს, რომ 1000-მდე საჯარო მოხელემ ხელფასი დროულად იმის გამო ვერ მიიღო, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ პანდემიის დროს შეზღუდვები არარაციონალურად დააწესა.
საჯარო მოხელეთა ნაწილს ხელფასი დღის მეორე ნახევარში დაგვიანებით ჩაერიცხა. ასობით პირი კუთვნილ ანაზღაურებას ისევ ელის.