logo
ENG



კასპში 15-16 წლის მოზარდები, სავარაუდოდ, დანიშნეს - სოც.ქსელში ვიდეო გავრცელდა

04 იან 202221:13
3 წუთის საკითხავი
 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 15-16 წლის მოზარდები, სავარაუდოდ, დანიშნეს. შესაძლო ნიშნობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. კადრებში ჩანს როგორ უკეთებს არასრულწლოვანი ბიჭი მოზარდ გოგოს ხელზე ბეჭედს. ადგილზე ოჯახის ახლობლებიც იმყოფებიან. 

არსებული ინფორმაციით, გოგო მე-9 კლასში სწავლობს, ხოლო მისი ოჯახის წევრი საჯარო სკოლის თანამშრომელია. ფორმულა ინფორმაციის გადასამოწმებლად არასრულწლოვანი გოგოს ბაბუას დაუკავშირდა, რომელიც ნიშნობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ შვილიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. 

"ნიშნობა არ იყო. ბავშვს ჰქონდა დაბადების დღე. 16 წლის გახდა და აღვნიშნეთ. მოვიდნენ ნათესავებიც. საჩუქრები მოუტანეს. მანდ სხვა არაფერი მომხდარა. ბეჭედს მოიტან თუ რას მოიტან, ყველაფერი საჩუქარია. არაფერი გარიგება არ ყოფილა. იმიტომ რომ ჩვენ კანონს ვიცავთ", - ამბობს შახალ ისმაილოვი. 

ფაქტს ასევე ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაც ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი შემთხვვები საქართველოში ხშირია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ ფაქტებს ხშირად არ იძიებს.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წევრი ანა არგანაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ვიდეოში ასახული ფაქტების მიხედვით გამოძიება უნდა დაიწყოს. 

"ქორწინების შთაბეჭდილება იქმნება. ამიტომ გამოძიება უნდა დაიწყონ ოჯახში ძალადობის მუხლით. ასეთ დროს ბავშვებს ერღვევათ განათლების უფლება, ასევე თავისუფლების შეზღუდვა ხდება. ეს კითხვები უნდა გააქარწყლოს სამართალდამცველმა. ამ ეტაპზე როცა კითხვები არსებობს, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს", - განაცხადა არგანაშვილმა. 

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. 


close დახურვა