პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში პატრულის მანქანას დაეჯახა და 2 პოლიციელი იმსხვერპლა, 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
უწყების ცნობით, 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა.