ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით კაჭარავამ პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ "გვინდა, შევურგდეთ მეზობლებს და გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ საქართველო".
პარლამენტში, სადაც მხოლოდ ოცნების წევრებმა მათივე გუნდის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, კაჭარავამ მიხეილ ჩხენკელს უთხრა, რომ კარგი იქნებოდა, "გამყოფი ხაზის პატარ-პატარა სოფლებთან სპორტული აქტივობები ჩატარდეს".
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მოგეხსენებათ, ძალიან ფეთქებადი რეგიონია კავკასია. ადრე არსებობდა ასეთი პროექტი, გამყოფ ხაზთან სოფლებში იქმნებოდა გუნდები, სპორტული აქტივობები ტარდებოდა, რის გარშემოც პატარ-პატარა სოფლებიდან უამრავი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
მე მცირედით მივიღე ამაში მონაწილეობა და მახსოვს ამ ბავშვების, მოსახლეობის გაერთიანება სპორტული აქტივობების გარშემო. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები დიდად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებაში, მით უმეტეს იმ სოფლებში და რეგიონებში სადაც პრობლემაა და ჩვენ გვინდა, რომ შევურიგდეთ ჩვენს მეზობლებს და გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ საქართველო.
აქედან გამომდინარე, იგეგმება თუ არა ასეთი აქტივობების მხარდაჭერა. იმიტომ, რომ იქ რეალურად ფინანსურად მძიმე სიტუაციაა და სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება ასეთი პროექტების განხორციელებას", - თქვა დავით კაჭარავამ.
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. სხდომებს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან, ვინაიდან ისტორიაში პირველად, პარლამენტში მხოლოდ 1 პარტია მუშაობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნებს და ბოიკოტის რეჟიმშია. მათ მანდატებზეც უარი თქვეს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.
მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, X მოწვევის პარლამენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.