თბილისის მერი კახა კალაძე გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმიანება. მისი განცხადებით, ოპოზიცია ცდილობდა, რომ ის საარჩევნო მოდელი, რომლის განხორციელებაც იგეგმება ვერ განხორციელებულიყო, რაც ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.
მისი განცხადებით, მან წინასწარი არ იცოდა, რომ პრეზიდენტი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებას აპირებდა.
„ჩემთვის, ისე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების.
კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი რწმენა, ოპოზიცია მაქსიმალურად იყო მიმართული, რომ საარჩევნო სისტემა ვერ განხორციელებულიყო, რაც რათქმაუნდა სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ისინი ცდილობდნენ, რომ საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო.
რაც შეეხება რეაქციებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის და თქვენ შეგიძლიათ 2012 წლიდან მოყოლებული ნახოთ სხვადასხვა ტიპის განცხადებები ევროპარლამენტარების, კონგრესმენების მხრიდან სხვადასხვა კონკრეტულ კრიმინალებთან მიმართებაში. ეს სიახლე არ არის. რაც შეეხება იმას, ვიცოდით თუ არა პრეზიდენტის შეწყალების შესახებ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.