საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა დეკლარაცია, რომლითაც აღებული ვალდებულებების შესრულება ფასდება, ვერ მიიღო.
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
კახიძემ დეკლარაციის მიღების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ისტორიაში პირველად, მმართველი გუნდის ქმედებების გამო, პროექტი ჩავარდა.
„ასოცირების კომიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა გამართა. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებობს ერთობლივი კომიტეტი ევროკავშირისა და საქართველოსი, სადაც საქართველოს პარლამენტი დეპუტატები და ევროპარლამენტარები არიან წარმოდგენილი. ტრადიციულად სხდომები იმართება და მიმდინარეობს პროგრესის შეფასება, თუ როგორ მიდის ასოცირების შეთანხმების პუნქტების შესრულება და შემდეგ ხდება დეკლარაციის ტექსტის მიღება. ამისათვის საჭიროა ევროპარლამენტის წარმომადგენლობის უმრავლესობა და საქართველოს პარლამეტნის წარმომადგენელთა უმრავლესობა.
ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ შეიმუშავეს ტექსტი, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით იყო ძალიან უცნაური, საუბარი იყო პროგრესზე დემოკრატიის თვალსაზრისით, უმნიშვნელო გამოწვევებია თურმე და ყველაფერი კარგად არის. ამას მოყვა ჩვენი მხრიდან სერიოზული კრიტიკა. მე და სალომე სამადაშვილი ვართ კომიტეტში. მოვამზადეთ ცვლილებების პროექტი. კენჭისყრა არის ორმხრივი. ჯერ ევროპარლამენტის უმრავლესობამ უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს, შემდეგ კი, საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ უნდა უყაროს კენჭი. ორივემ უნდა დაუჭიროს მხარი რომ ცვლილება გავიდეს. ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. ასევე იყო 20 ივნისის საქმეები, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე მძიმე პროცესები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს ყველა ცვლილებას. „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ჩვენი პროექტი და შემდეგ დააყენეს საკუთარი ცვლილებების პროექტი. ამ პროექტს უპასუხა უარით ევროპარლამენტმა, ყველა ცვლილება ჩააგდეს, არც ერთს არ დაუჭირეს მხარი. როდესაც ევროპარლამენტის მიერ დაყენებული პროექტის განხილვა დაიწყო, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ჩაუგდეს. საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა უთხარი უარი. ეს არის ჩვენი გამარჯვება და დიპლომატიური კრახი „ქართული ოცნების“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.