„ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე პარლამენტის წინ ამ წუთებში მიმდინარე აქციაზე „ფორმულასთან" საუბარში პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი მთავარ მონაპოვარს არ დათმობს და ეს მონაპოვარია პროპორციული საარჩევნო სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
„ეს არის საზოგადოებრივი წნეხი, სიმართლე ქართველი ხალხის მხარესაა. ივანიშვილმა ხალხს მისცა პირობა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადაიყვანდა ქვეყანას და ეს პირობა უტიფრად დაარღვია. შეიძლება სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება ქონდეთ, მაგრამ შეფასება ყველასი არის ერთადერთი - ეს არის ივანიშვილის თავხედური დამოკიდებულება საკუთარი პირობისადმი, საზოგადოებისადმი, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც 20 ივნისს აქ იყვნენ გამოსულები. ივანიშვილმა გვითხრა, რომ მას სურს წაგვართვას თავისუფალი არჩევანი, სურს უსამართლობის დაკანონება და ამას ქართული საზოგადოება არ დათმობს და „ევროპული საქართველო" საზოგადოების მხარესაა," - განაცხადა კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტის წინ საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ამავე დროს „ლეიბორისტული" პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა.