logo
ENG



კახიძე: შოთაძის მობრუნება საზოგადოების შეურაცხყოფაა

07 თებ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. პროცედურის მიხედვით, ყოფილი მთავარი პროკურორი თანამდებობაზე ხელმეორედ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შერჩევის პროცედურის დაწყებამდეც, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორშიც ამბობდნენ, რომ საპროკურორო საბჭოს მუშაობა ფორმალური, შოთაძის შერჩევა კი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი სახელი და გვარი შეასრულებს ივანიშვილის დავალებებს.

„საპროკურორო საბჭოს მხრიდან შოთაძის არჩევა მოულოდნელი არ ყოფილა, ეს ვიცოდით თავიდანვე. საპროკურორო საბჭო დამოუკიდებელი უწყება არ არის და ის ივანიშვილის მითითებებს ასრულებს, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა. შოთაძის ადგილას ფარცხალაძე, თადუმაძე ან ბადაშვილი რომ იყოს, ამით არაფერი იცვლება. ივანიშვილის ინსტრუქციებს რომელი სახელი და გვარი შეასრულებს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, შოთაძის მობრუნება საზოგადოების შეურაცხყოფაა“, - განაცხადა კახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, შოთაძის არჩევით, საპროკურორო საბჭომ ფარსი გაითამაშა.

„რასაც ვვარაუდობდით ის მოხდა. საპროკურორო საბჭო აღმოჩნდა ჩვეულებრივი მარჯანიშვილის თეატრალური დასი, რომელმაც გაითამაშა ყველასთვის ცნობილი ფარსი. ივანიშვილი აგრძელებს ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებულ მოქმედებებს. ყველასთვის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც იყვნენ მის მმართველობასთან დაკავშირებული ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, სწორედ ამ ადამიანებს აბრუნებს“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.  

პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ შოთაძის არჩევაზე გადის ხაზი იქნება თუ არა ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული.

„შოთაძის არჩევაზე გადის ხაზი იქნება თუ არა ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული. თუ შენ პასუხს არ თხოვ, პარლამენტს ვგულისხმობ, გენერალურ პროკურორს კანონის დარღვევაზე, მაშინ ამ პროკურორის მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ადამიანი რატომ იმსახურებს რაღაცა სასჯელს?“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას თქმით კი, გენერალური პროკურორობის არჩევის არსებული პროცესით დიდი ზიანი მიადგა პროკურატურის ინსტიტუტს.

„ძალიან დიდი ზიანი მიადგა პროცესს და მთლიანად პროკურატურას, რომლის დეპოლიტიზირებასაც ვცდილობდით ამდენი წელი, როგორმე წარსულის გავლენისგან გამოგვეყვანა. ის, რომ ამ პროცესს ვუყურებთ და ერთის მხრივ საბჭოს პროცედურები ფორმალური გახდა და მეორე მხრივ, იმ შეხვედრის დადასტურებამ, რომელზეც ხაზარაძე საუბრობდა, რომ ესწრებოდა გენერალური პროკურორი, კიდევ უფრო დაამძიმა პროცესი“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად 11 ხმით ერთის წინააღმდეგ, ირაკლი შოთაძე შეარჩია. კენჭისყრაში მონაწილეობას 12 პირი ირებდა. ერთი ხმა სოფიო შენგელიამ მიიღო. საბჭოს ერთი წევრის კუთვნილი ბიულეტენები კი გაუქმდა, რადგან ის არ იმყოფებოდა კენჭისყრაზე.

 


close დახურვა