logo
ENG



კახიძე:თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, იქნებიან ისეთივე გადამგდებები, როგორც აქამდე იყვნენ

24 ივნ 202011:52
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ 8 მარტის შეთანმხება შეასრულონ. მათი თქმით, ეს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას დაასტაბილურებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რურუას საპატიმროში ყოფნით დასავლელი პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯი ილახება. 

„შეთანხმების ნაწილი იყო პატიმრების გათავისუფლება, მათ შორის იყო რურუაც. ახლა თუ ამ შეთანხმებას არ შეასრულებენ, იქნებიან ისეთივე გადამგდებები და უპიროები, როგორც აქამდე იყვნენ. თუ შეასრულებენ, მაშინ შედგება კონსენსუსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმება შესრულდება, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვისაც, მათთვისაც და ზოგადად ამით მოიგებს ქართული საზოგადოება“, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ.

რურუას გათავისუფლების აუცილებლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია მესამე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ ამ შემთხვევაში დაუჭერს მხარს.

„ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად მოუწევს გიორგი რურუას გათავისუფლება. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებაში ეს ასახულია, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს. თუ გათავისუფლდება გიორგი რურუა, ჩვენ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას იმდენად, რამდენადაც მხარს ვუჭერთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, უბრალოდ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, არ ვიღებთ ამ ეტაპამდე მონაწილეობას“, - აღნიშნა დეკანოიძემ.


close დახურვა