logo
ENG



კახიძე არჩევნებზე: ერთ-ერთ უბანზე კონვერტიდან ზურაბიშვილის მე-2 ტურის ბიულეტენი ამოვიდა

06 ნოე 202013:29
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარის, ოთარ კახიძის, თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არაერთი დარღვევა, ცდომილება და ე.წ. სომხური კარუსელისთვის დამახასიათებელი ბიულეტენების გაყალბების ფაქტი გამოვლინდა. მსგავსი შემთხვევა რაოდენობრივად იმდენად მასშტაბური იყო, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კონვერტიდან სალომე ზურაბიშვილის მე-2 ტურის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენიც კი ამოიღეს.

მისი თქმით, ე.წ. სომხური კარუსელი, ჯამში, დაფიქსირდა 969 უბანზე, რაც მთელი საარჩევნო უბნის მეოთხედია. 

"რაოდენობრივად რომ გადავთვალოთ ქართულმა ოცნებამ ამ გზით დაახლოებით 230 ათასი ხმა მოიპარა. ესაა, როცა უბანზე ცარიელი ბიულეტენი გამოდის ანუ კონვერტი ცარიელია, ანუ მოსულია ამომრჩეველი, მაგრამ ბიულეტენი ჩავარდნილი არაა. ეს ნიშნავს, რომ ბიულეტენი გარეთაა გატანილი. მსგავსი შემთხვევა იყო 8 800-ზე მეტი.

ქუთაისში გვქონდა კურიოზული შემთხვევა, როცა კონვერტიდან სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის ბიულეტენი ამოვიდა. წინა კარუსელიდან მორჩენილი ბიულეტენია. ფოტოს გადაღება ვერ მოასწრო ჩვენმა წარმომადგენელმა, მაგრამ ეს მთელმა უბანმა იცის", - თქვა ოთარ კახიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე ე.წ. სომხური კარუსელის ათასობით შემთხვევა გამოვლინდა, კახიძის თქმით, მმართველი პარტიისთვის აღნიშნული მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. ევროპული საქართველოს ლიდერს არგუმენტად სამართლიანი არჩევნების ანგარიში მოჰყავს, რის მიხედვითაც ბიულეტენების დათვლისას დაახლოებით 3 %-იანი ცდომილება მაინც დაფიქსირდა. 

"ქართული ოცნება თუ ამბობს, რომ აიღო 49 %, მარტო ამ მანიპულაციით (ე.წ. სომხური კარუსელი) აიღო 36 %. ოღონდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა , ამიტომ დათვლისას კიდევ 3 % მოიპარეს, რასაც ამბობს სამართლიანი არჩევნები. შემდეგ გადავიდნენ ოქმების გადასწორებაზე, ჯღაბნაზე. შესწორების ოქმი დაახლოებით 35 %-ზე მეტია",-აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობას უცხადებს და გაყალბებულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამ მიზნით 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მასშტაბური აქციაც დაანონსდა.

არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებსა და ოქმებში არსებულ დისბალანსზე არასამთავრობო სექტორიც ამახვილებს ყურადღებას. 

 


close დახურვა