საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. 6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერმინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა, ასევე სამთავრობო მედიების მიერ პროკურატურის ბრალდებების ღიად პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგ თავდასხმას წინ უძღოდა აშშ-ის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადება, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ მოქმედებებს და მოტივებს. ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ქართული ოცნება მსოფლიოს გარშემო ქოლცენტრების ქსელებიდან მიღებულ შავ ფულს იყენებს, რათა დააფინანსოს საკუთარი ოპერაციები და შეავიწროვოს ოპოზიცია. ოლიგარქ ივანიშვილის მხილებული ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს შედეგები, რასაც მას უქადის ამ მძიმე დანაშაულში სახელწმიფოს ზურგით მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს, ისრები პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართოს.
აქვე აღვნიშნავ, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ჩემს სახელს მცდარად აკავშირებდა ქოლცენტრების ქსელთან, გასაჩივრებულია ბრიტანულ სასამართლოში და ეს გარემოება, შენიშვნის სახით, ხსენებულ ფილმს თან ერთვის. ამ მოვლენების მიმდინარეობისას, მისი საკონტროლო პაკეტი, ტელეკომპანიის დასაცავად, თანამშრომლებს გადაეცა. ფილმის შესახებ დავის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მისი დასრულებისთანავე გახდება