logo
ENG



კეზერაშვილი: სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება

05 დეკ 202417:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/05/g34ellfyi8bo3y5.jpeg

ფორმულას დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა. 

კეზერაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი ობიექტური სამართლებრივი საფუძვლებით მოტივირებული არ არის და არალეგიტიმურ ინტერესებს შეიცავს.

"დღეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რაც წარმოადგენდა კიდეც ჩემი სარჩელის მთავარ მიზანს. მიუკერძოებლობის დარღვევა ნიშნავს, რომ საქმის განხილვა მოხდა ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევით, რაც ადასტურებს, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი მოტივირებულია არა ობიექტური სამართლებრივი საფუძვლებით, არამედ სხვა არალეგიტიმური ინტერესებით.

საზოგადოებისთვის მინდა დავაზუსტო, რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს. ამიტომ, ჩემი ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის არსობრივ მხარეზე. ამ ნაწილში ყველას შევახსენებ, რომ ამ საქმეზე საქართველოს სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის ორივე სასამართლომ გამამართლა და მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მიზნით სრულად დაუსაბუთებლად სამწლიანი ინტერვალით განაახლეს საქმე უზენაესი სასამართლოს მეშვეობით", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

დავით კეზერაშვილის თქმით, ამ საქმეზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა პოლიტიკურ დევნას მის წინააღმდეგ აწარმოებდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადების თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მანიპულაციური და პროპაგანდისტული ინტერპრეტაცია ადასტურებს, რომ ქართული მართლმსაჯულება პოლიტიკური ხასიათისაა.

"სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების ნებისმიერი მანიპულაციური და პროპაგანდისტული ინტერპრეტაცია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, ქართული მართლმსაჯულების პოლიტიკურ ხასიათს. როგორც 2021 წელს, უზენაესი სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის შემდეგ განვაცხადე, ჩემთვის მთავარი იყო სასამართლოს ემსჯელა ინსტრუმენტალიზებული მართლმსაჯულების პროცესში გამოკვეთილ აშკარა პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც პროცესის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებდა, რაც დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა კიდეც. მინდა, მადლობა გადავუხადო იურისტების ჯგუფს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში მუშაობდა ამ საქმეზე", - თქვა კეზერაშვილმა.

***

სტრასბურგის სასამართლომ ფორმულას დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ე.წ. წვრთნების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, კერძოდ, სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში.

გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ობიექტური [სასამართლოს] მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე.

სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძის, საქართველოს ყოფილი პროკურორის შეყვანა იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც მოსარჩელის საქმეს განიხილავდნენ, საკმარისი იყო უზენაესი სასამართლოსა და მისი გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დასაყენებლად.

დავით კეზერაშვილმა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 7 მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.

 

close დახურვა