ქართულმა ოცნებამ ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილსა და ნატოში ამერიკის ყოფილ ელჩ კურტ ვოლკერს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთქმულების თეორია ააგო და ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს.
დღეს, 15 ნოემბერს სახელისუფლებო სააგენტოში გამოქვეყნდა ფოტო, რომლის მიხედვითაც კეზერაშვილი და ვოლკერი ერთმანეთს ზაფხულში, ლონდონში შეხვდნენ.
სააგენტოს თანახმად, ფოტო გერმანელმა ჟურნალისტმა გადაიღო და თვეების შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული სააგენტოსთვის მიეწოდებინა. ფოტო მოგვიანებით სხვა სახელისუფლებო მედიებმაც გაავრცელეს და ამბავი შეფუთეს, როგორც სკანდალი.
ქართულმა ოცნებამ ამ ფოტოსურათის გარშემო ანტიდასავლური პროპაგანდისტული ხაზი განავითარა. ოცნების ლიდერები დღეს ამ ფოტოს შესახებ საუბრობდნენ, როგორც კომპრომატზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ და ფრაქციის ლიდერმა შეხვედრა ანტიამერიკული რიტორიკისთვის გამოიყენეს.
"დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია", - განაცხადეს ოცნების ლიდერებმა.
რა თქვეს მმართველ გუნდში
შალვა პაპუაშვილი:
"როდესაც ასეთი ადამიანი, რომლის ბრალეულობა დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, როდესაც ასეთ ადამიანთან, ასეთ სალონურ ურთიერთობაში ხდება შეხვედრები, გასაგებია იქ თემა რა შეიძლება იყოს, ეს თავისთავად უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რა ხდება იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს. სააკაშვილის მეგობრები, კეზერაშვილის მეგობრები, დეფინიციიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები".
მამუკა მდინარაძე:
"როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ არამხოლოდ ნაცმოძრაობაზე ან მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალების მიმცემებზე, ამ ფრაზას ხომ შემთხვევით არ ვიყენებთ, ამის უკან ხომ რაღაც რეალობა დგას, ჰაერიდან არ მოგვიტანია და ყველა ვხედავთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას და საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს, არამედ ქვეყნის გარეთაც. ახლა, როგორც ჩანს, ჩვენ გვაქვს უკვე მტკიცებულება დავალების მიმცემის შესახებ".
დავით მათიკაშვილი:
"ნათელი ხდება, რატომ ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა და პროპაგანდისტული მედია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საზოგადოების თავგზის აბნევას. ოლიგარქი კეზერაშვილი, შესაძლოა, გერმანელი და სხვა ევროპელი მოქალაქეების, მათ შორის პენსიონერების გაძარცვით ნაშოვნი მილიონებით აფინანსებდეს რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას და მის პროპაგანდისტულ მედიას".
კეზერაშვილს და ვოლკერს სინამდვილეში საქმიანი პარტნიორობა აკავშირებთ - ორივე კიევში გახსნილი ამერიკული უნივერსიტეტის თანადამაარსებელია და საერთაშორისო პროექტებში არიან ჩართული.
ვოლკერი ამერიკაში სხვადასხვა თანამდებობაზე ნამუშევარი, ყოფილი მაღალჩინოსანი და გავლენიანი დიპლომატია, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს და საქართველოს დიდი მხარდამჭერია. კურტ ვოლკერი ბოლოს თბილისს სექტემბერში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობდა და საოკუპაციო ხაზთანაც ჩავიდა. კულტ ვოლკერი ნატოში ამერიკის ელჩი იყო, ასევე, შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.
ამერიკელი დიპლომატის კარიერაში მთავარი წარმატება ნატოში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე მუშაობას უკავშირდება. ვოლკერი სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ 1988 წელს, საგარეო საქმეთა ოფიცრის სტატუსით შეუერთდა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შტატების მისიის პირველი მდივანი კი 1998 წელს გახდა. ნატოში შეერთებული შტატების ელჩად ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2008 ივლისში დანიშნა. პოსტზე ის 2009 წლის 15 მაისამდე დარჩა. აგვისტოს ომის დროს ვოლკერი თბილისშიც იმყოფებოდა.
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთ-ერთი ბოლო განცხადება კურტ ვოლკერმა ოძისში, სექტემბერში გააკეთა. საოკუპაციო ხაზთან ჩასვლით დიპლომატმა მსოფლიოს შეახსენა, რომ რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა და საქართველოს მიმართ აგრესია და უკანონო ბერდერიზაცია ამ დრომდე გრძელდება.
კურტ ვოლკერი ერთ-ერთი ხელმომწერი იყო ღია წერილის, რომელიც საქართველოს მეგობრებმა 2021 წლის 9 მარტს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის შესახებ გამოაქვეყნეს. წერილით იან კელი, მეთიუ ბრაიზა, კურტ ვოლკერი, დევიდ კრამერი, იან კელი და სხვა ყოფილი ელჩები და დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით აღების გამო და ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.
კურტ ვოლკერს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებითაც. ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის ბოლო წლებში ვოლკერი უკრაინაში მუშაობდა.