logo
ENG



კეკელიძეზე ბინიდან გამოსახლებულმა მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა

27 თებ 202418:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/27/hr6vslslm7edzij.png

მარინა ხატიაშვილმა, რომელიც იანვარში კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გამოასახლეს, ბინა გამოისყიდა.

ფორმულასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ დადებული შეთანხმების მიხედვით, იპოთეკარს 23 თებერვალს 90 000 დოლარი გადაუხადა.

მარინა ხატიაშვილის თქმით, 70 000 დოლარი ჰქონდა, 20 000 დოლარის შეგროვება კი მას და მის მეგობრებს 1 თვეში მოუწიათ.

"[თანხა აგროვდა] ჩემი მეგობრების წყალობით, მხატვრების, გალერისტების და სხვა მეგობრების წყალობით, რომლებმაც აუქციონი ჩაატარეს. მათი ინიციატივა იყო, აუქციონი მოვაწყოთ ნამუშევრების და დავანახოთ, რომ ამ ტიპის სოლიდარობა შესაძლებელია ამ ქვეყანაში"- თქვა მარინა ხატიაშვილმა.

ხატიაშვილის თქმით, იურიდიულად მისი საკითხი მოგვარებულია, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს მათთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვთ.

"იურიდიულად დამთავრდა ეს კოშმარი. ახლა მთავარია, რომ სხვა ასეთი ტიპის საკითხებიც მოგვარდეს. უამრავი ადამიანი ჩემსავით ითხოვს აიღონ თანხა, ან მისცენ საშუალება, რომ გაყიდონ უძრავი ქონება და თავისი წილიც დარჩეთ და მევახშეც გაისტუმრონ და ამის საშუალება ადამიანებს არ ეძლევათ და პრეცედენტი რადგან შეიქმნა, მინდა, რომ ამ მიმართულებით ბრძოლა გაგრძელდეს - კეთილი ინებონ და ადამიანებს მისცენ საშუალება, რომ გადაიხადონ სესხი"- თქვა ხატიაშვილმა.

 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებას პროტესტი მოჰყვა.

ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

25 ნოემბერს მარინა ხატიაშვილსა და იპოთეკარს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც მარინა ხატიშვილს 1 თვის ვადაში დარეჯან დვალისთვის 90 000 დოლარი უნდა გადაეხადა.

რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.


close დახურვა