კეკელიძეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მოძრაობა ხმა აღსრულების ბიუროში შევიდა. მოძრაობის წევრები გამოსახლებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ მასზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
"ჩვენ დღეს აქ შემოვედით და აქედან გასვლას არ ვაპირებთ, ჩვენი მოთხოვნა არის შეჩერდეს ძალადობრივი გამოსახლებები. ვნახეთ, რომ დღეს გადადეს ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება, მაგრამ გადადეს დროებით.
როდის მოუვათ ხელახალი შეტყობინება, ეს არ ვიცით, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ 26-ში ახალი გამოსახლებაა დაგეგმილი - ზანდუკელის ქუჩაზე ასახლებენ მრავალსულიან ოჯახს, რომლის წევრებიც არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი.
ამ ოჯახს რიკო კრედიტი ართმევს სახლს. რომ შევაჯამოთ, ორი მოთხოვნა გვაქვს: შეჩერდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ დაკავებულები. ბრაზი, რომელიც გვქონდა ამ გამოსახლების ყურებისას, არ შეიძლება იყოს კრიმინალიზებული", - განაცხადეს მოძრაობის წევრებმა
მოძრაობა ხმის განცხადებით, გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მათი ორი წევრი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა დააკავეს, მათი ინფორმაციით, პოლიცია ორივე დაკავებულს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრის ჩამსხვრევას.
გუშინ, 23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.