logo
ENG



კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული მთივლიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს

31 იან 202412:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/31/xraz2bnrp8z6r4j.jpg

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი, გელა მთივლიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მიიღო. 

მთის ამბების რედაქტორი, გელა მთივლიშვილი 23 იანვარს კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის დროს დააკავეს, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთივლიშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

"ცრუ ჩვენებიდან გავიგე, რომ თითქოს მე მათ დაკავების დროს ვართმევდი დასაკავებელ თუ უკვე დაკავებულ პირს და ვაგინებდი. ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა, შესაბამისად ვერ იარსებებს ვერანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიციელის ცრუ ჩვენებისა. ამის მიუხედავად, სისტემის მსახურ მოსამართლეს, ნინო შჩერბაკოვს არ შერცხვა ბუნებრივია და მცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დამაკისრა 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ ფორმალურად სააპელაციოში, რადგან რამის შეცვლაც იქაც არ ველი რის შემდეგაც მივმართავ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს"- ამბობს მთივლიშვილი.

ნინო შჩერბაკოვის ის მოსამართლეა, რომელმაც მარტის აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტების გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დააჯარიმა.

***

23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

გამოსახლების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯამში, 20 ადამიანი დააკავეს. ჩიქობავას და ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავებიან, 18 ადამიანი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულ კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას 25 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


close დახურვა