logo
ENG



კელი და კრამერი კრიზისის გადაჭრაზე: წარმომადგენლები კონგრესიდან და მინიშნება სანქციებზე

29 მარ 202119:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/29/5cvki7yxpz08wj4.jpg

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი აქვეყნებენ მოსაზრებას, თუ როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და გამოიყენოს მისი გავლენა ამ მიმართულებით, მათ შორის სანქციებზე მინიშნებით. 

როგორც კელის და კრამერის მოსაზრებაშია აღნიშნული, აშშ-დან თბილისში უნდა ჩავიდნენ სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც კონგრესს ორპარტიულად წარმოადგენენ.

"ევროკავშირის მხრიდან მედიაციის კეთილშობილური, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობები, საჭიროებს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას. აშშ-ს დიდი ძალისხმევა აქვს ჩადებული, რომ საქართველომ მიაღწიოს მის სუვერენულ არჩევანს, შეუერთდეს დასავლეთს და იყოს სტაბილური დემოკრატია აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო და ენერგოკორიდორში. მაშინ, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს დიდი თავისი გავლენა - მათ შორის, სანქციების შესაძლებლობის მინიშნებით მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის კრიტიკულ ნიშნულამდე მიყვანაზე.

ამისათვის საჭიროა სახელმწიფო დეპარტამენტის სრული შემადგენლობის ჩამოყალიბება, სადაც ჯერ მხოლოდ სამი პირია დანიშნული, და პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს მდივნის ერთი თანაშემწე. ამ თანამდებობების შევსებას დრო სჭირდება, ამიტომ შუალედში, კონგრესის რამდენიმე საკვანძო წევრმა, ორპარტიულ საფუძველზე, უნდა დაგეგმოს ვიზიტი თბილისში და დროებითი საგანგებო წარმომადგენლის მოვალეობა შეასრულოს. 2004 წელს სენატორი რიჩარდ ლუგარი გაემგზავრა კიევში, რათა დახმარებოდა უკრაინას საშიში ჩიხიდან გამოსვლაში. საქართველოს მსგავსი ძალისხმევაა სჭირდება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა გახლდათ კონგრესის უფრო აქტიური როლის დასაწყისი", - წერენ კელი და კრამერი. 

ისინი, ასევე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, რის შემდეგაც მხარეებმა კომპრომისზე უნდა იმუშავონ. კელი და კრამერი აღნიშნავენ, რომ საქართველოში არასტაბილური მდგომარეობა მხოლოდ კრემლს აწყობს. 

"ერთადერთი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობს, კრემლში ზის. ამის გააზრებამ უნდა გამოაფხიზლოს საქართველო, დასავლეთში მყოფი საქართველოს მეგობრები, მელია დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, რის შემდეგაც ყველა მხარემ კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს კომპრომისზე პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობისთვის. შეერთებულმა შტატებს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამის ხელშესაწყობად, მაგრამ საჭიროა სწრაფი ნაბიჯები", - ამბობენ კელი და კრამერი. 

 

 


close დახურვა