logo
ENG



კემულარია ივანიშვილზე: ხელისუფლებაში დარჩენის ფასად მზადაა, ნახევარი საქართველო დაიჭიროს

17 თებ 202007:28
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაპარტიელის კოტე კემულარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სხვა გამოსავალი აღარ აქვს და ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით დაშინების მეთოდს იყენებს.

„პოლიტპატიმრების სია გრძელდება და ბიძინა ივანიშვილი იძულებულია დაიჭიროს ყველა. მას, ძალის გამოყენების გარდა, არაფერი დარჩა. ხელისუფლებაში დარჩენის ფასად, ის მზადაა, ნახევარი საქართველოს დაიჭიროს და ამომრჩეველი რეპრესიებით შეაშინოს - მე დაგიჭერთ ყველას, ვინც დამიპირისპირდებით. ამ პროცესზე ჩვენ ამას ვხედავთ“, - განაცხადა კემულარიამ.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბუტა რობაქიძის საქმე პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი 19 ნოემბერს წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.


close დახურვა