logo
ENG



კერზაიას საქმეზე პროკურატურა ომბუდსმენს უპირისპირდება

29 ნოე 201919:45
3 წუთის საკითხავი
 
6elug9ljuiio7pd.jpg

გენერალური პროკურატურა თავის მართლების ნაცვლად, ბრალდების რეჟიმშია - ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შეფასებებს უპირისპირდება. პროკურატურას მიაჩნია, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე  სამართლებრივ  რეაგირებასთან  დაკავშირებული შეფასებები, არსებული ფაქტების მიმართ არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც სცილდება.

ომბუდსმენმა დაასრულა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა და დაადგინა, რომ ვლინდება ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება. დასკვნაში ასევე ნათქვამია, - „მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.“ 

პროკურატურას დღეს კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ უპასუხა და განაცხადა, რომ ის ომბუდსმენის დასკვნას ეთანხმება და გამოძიება საქმის ჩაფარცხვისკენ იყო მიმართული. შენგელიას თქმით, ომბუდსმენის დასკვნას სასამართლოშიც გამოიყენებს. გარდა ამისა, შენგელიამ განაცხადა, რომ პროკურატურა ხელისუფლების დაკვეთას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახური შევიდა. დაწერილი დასკვნის თანახმად, ინსპექტირების სამსახურმა სკოლაში დარღვევები აღმოაჩინა. მოგვიანებით კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კერზაია პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. 

 

 


close დახურვა