logo
ENG



კიდევ არსებობს შანსი, რომ რურუაზე რაიმე შეიცვალოს და ოპოზიციას გზა გაეხსნას - სამადაშვილი

24 ივნ 202009:24
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისთვის ემზადებიან. ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მზადაა, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი 8 მარტის შეთანხმების იმ პუნქტს შეასრულებს, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხება. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, თუ კონსენსუსი ვერ შედგება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველ გუნდსა და მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის ჩვენი საერთშორისო პარტნიორების დიდი სურვილია, რომ პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე იქნას კონსტიტუცია მიღებული და ჩვენ ჩვენის მხრივ მზად ვართ ამისთვის, თუ შესრულდება 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობა. ძალიან პატარაა ვფიქრობ შანსი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შანსი თეორიულად კიდევ არსებობს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალოს და ამან გზა გაუხსნას ოპოზიციას, რომ მხარი დაუჭიროს მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს. ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე. თუ პოლიტიკური კონსენსუსი ვერ შედგება, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ პოზიციას, პარტიის წევრმა აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ თუ მესამე მოსმენაზე „ოცნებას“ ხმები დააკლდება, ისინი მზად არიან, ცვლილებებს მხარი დაუჭირონ თუმცა სანაცვლოდ, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს.

„ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ ჩააგდებს უკვე მესამე მოსმენით, ნეტავი ჩააგდებდეს, იმიტომ რომ თუ ბიძინა ივანიშვილს ხმები აკლია, ასეთ შემთხვევაში მზად ვართ ეს ხმები დავუმატოთ, ოღონდ რურუა უნდა გამოუშვას და ჩაგდების შემთხვევაში რურუას საკითხი ისევ დამოკლეს მახვილივით დაეკიდება ბიძინას თავზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ამ საკითხს ბოლომდე გაიტანს. ჩვენ ვეუბნებით - ჩავარდება საკითხი ? გამოუშვი რურუა და ჩვენი ხმები დაგემატება. ამიტომ, ივანიშვილს მოუწევს არჩევანის გაკეთება და საკითხის დაყენება ასე, რომ „რურუას არ ვუშვებ და ჩავარდეს ამის გამო თუნდაც საკითხი“. ამიტომ ასე საკითხს არ დაუყენებს საკუთარ თავს და გაიტანს ალბათ ცვლილებებს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ 8 მარტის შეთანხმებასა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე ყველა ოპოზიციური პარტია დაუჭერს მხარს.

„მე მგონი ეს ცვლილებები იქნება მხარდაჭერილი, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ამ 8 მარტის შეთანხმების ავტორები, ინიციატორები, მოდერატორები მოუწოდებენ ყველა მონაწილეს და ევროკავშირის ელჩის განცხადება, სხვა პარტნიორების განცხადებები მიუთითებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს ამ ცვლილებების ტექსტს. ეს არის ასახვა იმ შეთანხმების, რაც 8 მარტს დაიდო. „ქართული ოცნება“ ახლა ახდენს მობილიზებას საკუთარი წევრების, რომ ეს შეთანხმება შედგეს, რადგან მათ ინტერესებში არის ის ჩანაწერი, რომელიც ეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც უნდათ, რომ გაასწორონ ამ ცვლილებებით. ასე რომ მე მივესალმებოდი, თუკი ყველა ოპოზიციური პარტია დაუჭერს ამას მხარს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


close დახურვა