კიევთან ახლოს, სოფელ ჩაიკაში აფეთქების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანაშემწე დაიღუპა, მას ხელყუმბარა აუფეთქდა. გენადი ჩასტიაკოვი 39 წლის იყო.
როგორც ზალუჟნიმ განაცხადა, ჩასტიაკოვი "თავის დაბადების დღეზე ოჯახის წევრების გარემოში ტრაგიკულად დაიღუპა". მისივე თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დაბადების დღის ერთ-ერთ საჩუქარში იყო, რომელიც ჩასტიაკოვმა სახლში მოიტანა. ზალუჟნიმ თავისი თანაშემწისა და და მეგობრის დაღუპვას უწოდა "უთქმელი ტკივილი და მძიმე დანაკლისი", როგორც პირადად მისთვის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
თავის მხრივ ჩასტიაკოვის ცოლმა განმარტა, რომ მისმა ქმარმა სახლში სასაჩუქრე პარკი და ყუმბარის ფორმის ჭიქები მიიტანა. საჩუქრის გახსნის დროს კი აფეთქება მოხდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ჩასტიაკოვს აჩუქეს ახალი სტილის ყუმბარის ყუთი, რომელთაგან ერთი აფეთქდა მაშინ, როდესაც შვილს აჩვენებდა. მინისტრის განმარტებით, შვილი ყუმბარას ათამაშებდა, ჩასტიაკოვმა კი ის გამოართვა და თავი ამოაძრო, რის გამოც აფეთქება გამოიწვია.
კლიმენკომ დასძინა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს ჩასტიაკოვის კოლეგა-სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც მას საჩუქარი გადასცა. მის კაბინეტში ჩხრეკა ჩატარდა.
უკრაინასკაია პრავდას ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროს 13 წლის შვილი დაშავდა.