logo
ENG



კილაძე - ე.წ. ოპოზიციური ერთობა არც ერთ შეთავაზებას არ დათანხმდება, იციან რომ შანსი არ აქვთ

04 მარ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას აღარ აპირებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეთანხმებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება და თუ ოპოზიცია მათ შეთავაზებას არ დათანხმდება, საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება ვეღარ მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციური სცენარის მზადებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში გამარჯვებას ვერც ერთი სისტემის პირობებში ვერ შეძლებს და ამიტომ მმართველი გუნდის შეთავაზებას არ თანხმდება.

„ხელისუფლებამ რაც არ უნდა შესთავაზოს „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს, ე.წ. ოპოზიციურ ერთობას, არც ერთ შემთხვევაში ისინი არ დათანხმდებიან, იმიტომ რომ ზუსტად იციან მოცემულ მომენტში ამ ადამიანებს არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არც ერთი საარჩევნო სისტემით. ამიტომ, ისინი ავითარებენ რევოლუციურ გზას და ვხედავთ როგორ გეგმავს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სცენარს, ოღონდ ამ ყველაფერს აერთიანებს ის, რომ ეს ყველა არის რევოლუციური სცენარი. ანუ მათი გეგმა A და გეგმა B არის რევოლუცია“, - განაცხადა კილაძემ.

კონსენსუსის აუცილებლობაზე ისაუბრა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა კახა კუჭავამ. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დარჩენილ დროში შეთანხმების მისაღწევად ყველა დაინტერესებულმა მხარემ აქტიურად იმუშაოს.

„შეთანხმება გაკეთდა. ამის დოკუმენტზე გადატანა ტექნიკური მხარეა, რომელიც აუცილებლად გაკეთდება და დროის კუთხით, მაქსიმალურად უნდა ვიჩქაროთ. ყველა მხარე არის მონაწილე ამისა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველას ჩართულობით გავააქტიუროთ კიდევ ერთხელ შეხვედრების სიხშირე იქნება თუ სხვა გზები, მაგრამ მნიშვნელოვანია, კონსენსუსი მიღწეული იყოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 

 


close დახურვა