logo
ENG



კილაძე თერჯოლის ტრაგედიაზე: პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც

25 აგვ 202013:37
3 წუთის საკითხავი
 

"ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა - სახელმწიფოსაც და იმ საზოგადოებასაც, რომელმაც გულგრილად შეხედა ამ ამბავს და ხმა არ ამოიღო ასეთ უბედურებაზე", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიას, სადაც მამა არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

კილაძემ საზოგადოებას მოუწოდა, მსგავს შემთხვევებში დარეკონ 111-ზე - ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე, რომელიც მაისიდან ამოქმედდა.

"მინდა მივმართო ყველა ბავშვს, განსაკუთრებით მათ, ვინც რეგიონებში არიან და შეიძლება, მსგავს სიტუაციაშია ან თვითონ, ან თავიანთი ახლობლები, ჩვენ მაისიდან ავამოქმედეთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი - 111, რომელიც უფასოა და ყველა ასეთ შემთხვევაში, სრულად იქნება ანონიმურობა გარანტირებული. თუ იცით ასეთი ფაქტის შესახებ, ძალიან გთხოვთ, მიმართოთ 111-ს, იმისთვის, რომ ბავშვები გადავარჩინოთ.

ყველა ასეთ შემთხვევაზე, საზოგადოების გულგრილობა, შესაბამისი იმ სტრუქტურების გულგრილობა, რომლის ვალდებულებაცაა მოახდინოს იდენტიფიცირება, გამოიკვლიონ და დაეხმარონ, არის უდიდესი მნიშვნელობის. ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა - სახელმწიფოსაც და იმ საზოგადოებასაც, რომელმაც გულგრილად შეხედა ამ ამბავს და ხმა არ ამოიღო ასეთ უბედურებაზე. მნიშვნელოვანია, საზოგადოება და სახელმწიფო დადგეს ერთად, რათა ასეთი უბედურება ავიცილოთ თავიდან", - აცხადებს კილაძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. უწყების ცნობით, ბრალდებული შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.


close დახურვა