logo
ENG



კილაძე ციხეში არაფორმალურ მმართველობაზე: კონკრეტულ შემთხვევებს ვერ გავიხსენებდი

10 დეკ 201913:56
3 წუთის საკითხავი
 
dmvz8a8b637402f.jpg

რუსთავის ერთ-ერთ ციხეში საწარმოს გახსნის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი, ტეა წულუკიანი ჟურნალისტებთან ერთად ესწრება, თუმცა მედიის ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ „ფორმულა“ და „მთავარი“. შესაძლოა, ამით იუსტიციის მინისტრმა თავიდან აიცილა უხერხული კითხვა ციხეებში არსებულ სიტუაციაზე. საუბარია სახლახო დამცველის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, ციხეებში არაფორმალური მმართველობაა.

სხვა მინისტრები კი ამბობენ, რომ მათ ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრობლემებია, ამაზე დროულად უნდა მოხდეს რეაგირება.

„სახალხო დამცველის ანგარიშში ხვდება ის საკითხი, რომელსაც უშუალოდ სახალხო დამცველი მიიჩნევს მისი მოქმედების არეალად. რაც შეეხება შესაძლო პრობლემებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, თუ ასეთი პრობლემები იქნა აღმოჩენილი, ამსზე უნდა მოდეს რეაგირება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე კი აცხადებს, რომ ციხეში არაფორმალური მმართველობის ფაქტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ჩვენთან კონკრეტულ შემთხვევებს ვერ გავიხსენებდი. უნდა გავიხსენოთ რომ არც ისე შორეულ წარსულში გვყვდა ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანები და ამ პრობლემის გადალახვას დრო უნდა. თუ გვაქვს ასეთი პრობლემები, უნდა ვებრძოლოთ მას“, - აცხადებს კილაძე.

ოპოზიცია ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ომბუდსმენის მიერ გაჟღერებული ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან პრობლემა უკვე სისტემურია.

„ადმინისტრაციის ნაცვლად არაფორმალურად იმართება ციხეები. მაყურებლები ძალადობენ პატიმრებზე. სახელმწიფო ამას გულგრილად უყურებს და თვლის, რომ არ უნდა ჩაერიოს და მაყურებლის დახმარებით მართოს ციხე. პატიმრისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იძალადებს მასზე“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. დაუსჯელობის სინდრომი, პრივილეგირებული პატიმრები - სწორედ ამ და სხვა საკითხებზე ამახვილებს ლომჯარია ყურადღებას დოკუმენტში.

 

 

 

 


close დახურვა