logo
ENG



კინოცენტრი: მხარდაჭერას ვუცხადებთ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებით ჯგუფს

08 ნოე 201910:13
3 წუთის საკითხავი
 
sh8lydpmpj0zaiv.jpg

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესახებ განცხადებას ავრცელებს და ფილმის შემოქმედებითის ჯგუფსა და კინოთეატრის მესვეურებს თანადგომას უცხადებს. ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ პრემიერის ჩაშლის მცდელობის გამო და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა უარყოს აგრესია უმცირესობების მიმართ. 

„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ახალი ქართული ფილმის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო. შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს უნდა გამოვიდეს თბილისის ეკრანებზე. მაყურებლის ინტერესი ფილმისადმი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ყველა ბილეთი გაყიდულია. ეროვნული კინოცენტრი, ისევე როგორც ბევრი მაყურებელი მთელს მსოფლიოში, გულშემატკივრობს ამ ფილმს, რომელიც შვედეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინა. ფილმმა უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება. მას კომერციული წარმატებაც აქვს. ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან და შეახსენებს მათ, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

"კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი... ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ და უფრო ჰუმანური გახდეს. ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, ის მომხრეებთან ერთად არ დაუშვებს ფილმის ჩვენებას და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის კორდონსაც გაწევენ გვერდით და დაიკავებენ კინოდარბაზს. ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის ფილმის ჩვენება მიუღებელია. 

ამავდროულად განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას. კინოთეატრში ფილმის წინა სეანსი, უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს. ფილმის მიმდინარეობისას არსებული ვითარების მონიტორინგს გეგმავს „თბილისი პრაიდიც."


close დახურვა