რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება. რეჟისორმა გამოცემა ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე კინოცენტრთან თანამშრომლობას წყვეტს.
კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ ევრიმაჟსა და ევროპული კინო პრომოუშენში.
ევრიმაჟი არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ფონდი აფინანსებს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობლივ კინოწარმოებას, ხელს უწყობს ასევე ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.
საქართველო ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ნინო კირთაძე საქართველოს წარმომადგენელი აღნიშნულ ფონდში 2019 წლის ივლისიდან იყო.
კინემატოგრაფისები უკვე რამდენიმე თვეა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ მინისტრი თეა წულუკიანი სფეროში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობს.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი. ამასთან, შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი, კერძოდ, აირჩეს კონკურსის საფუძველზე.
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც მანამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო არხ POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი, რომლებიც კინოცენტრში მიმდინარე ცვლილებებს აპროტესტებდნენ.